Wednesday, November 18, 2009

უჯარმა



უჯარმა მდებარეობს საქართველოს ერთერთ ულამაზეს კუთხეში კახეთში მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე მის ნანგრევებს დღესაც განცვიფრებაში მოყავს მნახველი ციხე მდებარეობდა მაღალ კონცხსა და მის დასავლეთ ფერდობზე კონცხის აღმოსავლეთი ნაწილი მიუვალ პიტალო კლდეს წარმოადგენს. . მატიანეთა ცნობებით, უჯარმა წარმოშობილა III-IV საუკუნეთა მიჯნაზე. ისტორიკოსი ლეონტი მროველი გადმოგვცემს. ,,ასფაგურ აღაშენა ციხე-ქალაქი უჯარმა“.
IV საუკუნეში მირიან მეფეს თავისი ძის, რევისათვის მიუცია საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, ხოლო რეზიდენციად - უჯარმა.
ქალაქი განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც იგი თავის ერთ-ერთ რეზიდენციად აქცია ვახტანგ გორგასალმა. ამის თაობაზე ისტორიკოსი ჯუანშერი წერს: ,,ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა უზომო შენობები ააგოო. მტრის შემოსევის შემთხვევაში მეფეს იმედი ჰქონია ამ ნაგებობებისა. სპარსთა მეფის ხოსროს მოახლოებისას ვახტანგს კათალიკოსისათვის უთქვამს: ,,დადეგ ეკლესიასა... რომელი რაბატსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს; და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა იძლივნენ, რამეთუ მტკიცნი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით“. იქიდან წასულმა ვახტანგ მეფემ გმირული ბრძოლით ისახელა თავი, მაგრამ მოღალატისაგან მუხანათურად ნასროლმა ისარმა იგი სასიკვდილოდ დაჭრა, ვეღარ განიკურნა სწორედ უჯარმას წააბრძანეს მძიმეთ დაჭრილი მეფე ,,აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთა“ მის მიერ აგებულ უჯარმაშივე. შემდგომში ვახტანგის მემკვიდრეებიც უჯარმიდან მართავდნენ კახეთს. ეს ითქმის უმეფობის ხანაზედაც. მაგალითად, VI საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც აღმოსავლეთ საქართველოს ახლად გამარჯვებული ფეოდალური წყობილების დროს გუარამ კურაპალატი განაგებდა, მას კახეთი, კუხეთი და ჰერეთი ბაკურ მეფის შვილებისათვის მიუცია.
დღეს არსებულ ნანგრევებში ქალაქის ქვედა გალავნისაგან აშკარად გამოიყოფა ციტადელი, რომელსაც გრძელი მრავალგვერდას ფორმა აქვს. მისი გალავანი, რომელიც კოშკებითაა გამაგრებული, მთის რელიეფს მიჰყვება, რათა მტერს ნაკლები ფეხის მოსაკიდი ჰქონოდა. ციტადელის შიგნით იდგა მცირე ზომის კარის ეკლესია ორსართულიანი სასახლე, წყალსაცავი და სხვა დამხმარე ნაგებობები.
ჩრდილო ფერდობზე, ციტადელიდან მდინარის ნაპირამდე, ქალაქის ტერიტორია ოთხკუთხედად იყო შემოფარგლული კედლებით. გალავნის კუთხეებში და საპასუხისმგებლო ადგილებზე კოშკებია ჩარიგებული. ციხის კედლები ყრუა. ასევე ყრუკედლებიანია კოშკებიც. როგორც ეტყობა, თავდაცვა მაღალი გალავნის ქონგურებიანი საბრძოლო ბილიკიდან და კოშკების ბანებიდან ხდებოდა. კოშკები ორი ან სამსართულიანია. მათ კარები და დიდი ხალვათი ფანჯრები მხოლოდ ეზოსკენ აქვთ მოწყობილი.
ქალაქის ჭიშკარი ციხის დასაელეთ ნაწილში მდებარე კოშკში იყო დატანებული. დამხმარე კარები უნდა ყოფილიყო აღმოსავლეთითაც. ქალაქის წყლით მომარაგება შედარებით ადვილად ხდებოდა, რადგან ციხე მდინარის ნაპირთან მდებარეობდა. მდინარისპირა გალავნის შუაში მდგარ კოშკს კარი აქვს დატანებული წყალზე ჩასასვლელად. მდინარესა და კოშკს შორის არსებული მცირე მანძილიც საგანგებო კედლებით იყო დაცული. ამას გარდა, არ არის გამორიცხული, რომ ციხეს ჰქონოდა საკუთარი წყალსადენი კარგი სასმელი წყლით.
არქიტექტურული თვალსაზრისით უჯარმის ციხე იშვიათი გემოვნებითაა ნაგები. გალავანი და კოშკები კარგი პროპორციებითაა შერწყმული. მთლიანად ანსამბლს მონოლითური სახე აქვს.
არაბობის ხანაში უჯარმა, როგორც ქალაქი, დაცემის გზას ადგება. X საუკუნის დასაწყისში იგი მოქმედებდა, როგორც მხოლოდ ციხე-სიმაგრე, მაგრამ ციხედ აღარ ყოფილა გამოსარჩევი. იქვე მახლობლად მდგარი ბოჭორმა მასზე უკეთეს სიმაგრედ ითვლებოდა. მაგალითად, როდესაც 914 წელს მოსულა არაბთა ამირა ბულ-კასიმი, იგი დიდი ჯარით უპირველეს ყოვლისა უჯარმას შემოდგომია. ციხეს, თურმე, მხოლოდ სამასი კაცი იცავდა. ცხადია, მეომართა ასეთი მცირე რაზმი ვერას გახდებოდა არაბთა დიდძალი ჯარის წინაადმდეგ, მიუხედავად ამისა, წინაადმდეგობა რამდენიმე დღეს გაგრძელებულა. როდესაც დარწმუნებულან, რომ მაშველი არსაიდან მოდიოდა, ერთ ღამეს მეციხოვნეებს თვითონ დაუცლიათ ციხე. მტერსაც არ დაუყოვნებია: ციხეში შესულა და მისი კედლები დაურღვევია. მიუხედავად ამისა, ციხე მალე ისევ აღუდგენიათ და საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის პროცესში მას მაინც საკმაო წონა ჰქონია. კახეთის ქორეპისკოპოსის ძმამ იგი აფხაზთა მეფეს, გიორგის, გადასცა.
მომდევნო საუკუნეებში უჯარმა ქვეყნის ცხოვრებაში უკვე ნაკლებად ღებულობს მონაწილეობას და არსებობას განაგრძობს, როგორც მცირე მასშტაბის დასახლებული პუნქტი. Uუჯარმა საქართველოს ისტორიული სიმდიდრე.

No comments:

Post a Comment