Tuesday, November 17, 2009

ყვარელი


ადგილმდებარეობა
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოიცავს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ ფერდობებს და ალაზნის ვაკის ნაწილს. უჭირავს 1000,8 კმ2 ფართობი. ყვარლის რაიონს სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება მდინარე ალაზანი, ჩრდილოეთიდან - დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა (რუსეთის ფედერაცია), აღმოსავლეთით - ლაგოდეხის რაიონი, ხოლო დასავლეთით და ჩრდილო-დასავლეთ თელავის რაიონი.
მთავარ სამდინარო არტერიას წარმოადგენს მდინარე ალაზანი მარცხენა შენაკადებით: ინწობა, ჩელთი, დურუჯი, ავანისხევი, შოროხი, აფნისწყალი, არეში. ტერიტორიანი თითქმის 45 %-მდე მთიანია, ვაკეს უკავია 45 %. ვაკე ნაწილში დიდი ნაწილი უჭირავს თიხნარ ნიადაგს.
ყვარლის რაიონის ტერიტორიაზე სამი დიდი მოცულობის ხელოვნური წყალსაცავია. მათგან პირველი, "ყვარლის ზღვა" 1962-65 წლებში შეიქმნა რაიონის მოსახლეობისა და სპეციალისტების ენთუზიაზმის წყალობით ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების მთებით შემოსაზღვრულ ტაფობში. წყალსაცავის სიღრმე 10 მეტრია, სიგრძე 2 კმ, ხოლო სიგანე საშუალოდ 300 მეტრს აღწევს. წყალსაცავს 40 ჰა უკავია და თავის დროზე ის კეთილომოწყობილ კულტურული დასვენების კერას წარმოადგენდა მთელი კახეთისთვის.
ყვარლის მუნიციპალიტეტში 1 ქალაქი და 22 სოფელია. რაიონული ცენტრი, ქ. ყვარელი, მდებარეობს დურუჯისა და ბურსის შუაწელში, ზღვის დონიდან 450 მეტრზე. თბილისიდან დაცილებულია 134 კმ.
ყვარლის რაიონი საქართველოს სხვა რეგიონებს ძირითადად საავტომობილო მაგისტრალებით უკავშირდება.


ისტორიული წარსული
ისტორიული წყაროებითა და არქეოლოგიური გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებობდა უძველესი დასახლებები. აკადემიკოს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია დღევანდელი შილდისა და ენისლის მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც გვიან ბრინჯაოს ხანას ეკუთვნის, ხოლო ძველი გავაზის (ამჟამად ახალსოფელი), ბალღოჯიანისა და გრემის ტერიტორიაზე მოპოვებულია ანტიკური ხანის საოჯახო და საომარი ნივთები. გრემ-ნეკრესის მიდამოებში მდებარეობდა უძველესი საკულტო ნაგებობები. ამ მხარის რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ნეკრესი, სადაც მე-6 საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი 13 ასურელი მამათაგანი, წმინდანად შერაცხული აბიბოს ნეკრესელი.
ნეკრესი და მისი შემოგარენი ნაშთია იმ უძველესი ისტორიული ქალაქისა, რომელიც "ქართლის ცხოვრებაში" მრავალჯერ არის ნახსენები, როგორც "ნელქარისა ნეკრესი". ისტორიული წყაროებით ნეკრესის დაარსება მიეწერება მეფე ფარნაჯომოს ძველი წელთაღრიცხვის 11 საუკუნეში. აქ მრავალი ნაშთია იმისა, რომ ქალაქი ნელქარისა ანუ ნეკრესი გაშენებული ყოფილა მდინარე "სასახლის ხევის" პირზე.
მე-15-მე-16 საუკუნეებში თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია კახეთის სამეფომ, რომლის სატახტო ქალაქი ამ პერიოდში იყო გრემი. გრემის უნიკალური ციხე-სიმაგრე მთვარანგელოზის ეკლესიით, ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნანგრევები, არქეოლოგიური მასალა და ისტორიული წყაროები ადასტურებენ, რომ ეს იყო ფეოდალური ხანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრი. აქ მე-15 საუკუნიდან ამრავლებდნენ ხელნაწერებს. გემზე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნო გზები.
კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს - ყვარელს, მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. მრავალი წყაროებითა და არქეოლოგიური გათხრებით დადასტურებულია, რომ აქ არსებობდა მნიშვნელოვანი დასახლებები.
ყვარლის დაარსებასა და წარმოშობაზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, მეფეს დურუჯის ჭალებში ნადირობისას მოსწონები მისი შემოგარენი, განსაკუთრებით კი ის ადგილი, სადაც ახლა ყვარელია გაშენებული და უბრძანებია: "ეს საყვარელი ადგილია და სოფელი უნდა გაშენდესო".


ისტორიული ძეგლები
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მოფენილია მეტად საინტერესო და უძველესი წარსულის მქონე ისტორიული ძეგლებით. მათ შორის უმნიშვნელოვანესია ნეკრესის მონასტერი (IV-XVII საუკუნეები), სადაც დღემდე შემორჩენილია საქართველოში ერთ-ერთი უძველესი, IV საუკუნის ქრისტიანული სალოცავი. ნეკრესი, როგორც კულტურული და რელიგიური ცენტრი, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ადრეულ და შუა საუკუნეების ეპოქაში.
არა მხოლოდ ყვარლის მუნიციპალიტეტში, არამედ მთელ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი უნიკალური სიძველის ძეგლია შუა საუკუნეების კახეთის სატახტო ქალაქის, გრემის ისტორიული ნაქალაქრის ტერიტორია, დღემდე შემორჩენილი საკულტო ნაგებობებითა და მთავარანგელოზთა ეკლესიის დიდებული ტაძრით.
ქ. ყვარელში დღემდე კარგადაა შემონახული XVI-XVII საუკუნეების ციხე-გალავანი, რომელთანაც საქართველოს ისტორიული წარსულის და ძნელბედობის მნიშვნელოვანი მოვლენებია დაკავშირებული.
ქ. ყვარელშია ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები.
ყვარელი — ქალაქი საქართველოში, ყვარლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე, რკინიგზის სადგურ მუკუზანიდან 19 კმ-ზე. ქალაქად გამოცხადდა 1964 წელს. მოსახლეობა 9 ათასი (2002 წლის მონაცემებით). ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: თეატრი, ილია ჭავჭავაძისა და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმები. ყვარელში არის ნეკრესის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

No comments:

Post a Comment